საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იკრძალება – პრემიერი
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების – ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიზეზი ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რაც პირველ რიგში, ავტომობილებითაა გამოწვეული.
„ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ავტომობილებზე ევრო-5 სტანდარტი შემოვიღოთ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ”, – განაცხადა პრემიერმა.