რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს
ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, შენობებს გადახადა სახურავები, დატბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ფატმასური კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელში გზებისა და სახოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. წყლით იყო დაფარული გავაზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ყვარელში, პატარა მდინარემ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი-ყვარლის ტბის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, მილხიდს გამოაცალა საყრდენი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უხვმა ნალექმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა და დააზიანა გურჯაანის როგორც ცენტრალური საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზები.
პრობლემები შეიქმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაშიც. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოგლეჯილი ხეები დაეცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, რიგში მდგომ სატვირთო მანქანებს, რომლებიც მსუბუქი ავტომობილებით იყო დატვირთული. ქარმა, ლაგოდეხში, დაცულ ტერიტორიებზე, მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა, რომელიც მანქანებს და შენობებს დაეცა. დაზიანებულია ნაკრძალის ადმინისტრაციის შენობაც.
,,სტიქია იყო ძლიერი. ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხე, რომელიც ადმინისტრაციის შენობას დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და აივანი”,– განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ.
ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ ზიანის აღწერა მიმდინარეობს.
,,სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, ვენახები და სათბურები დაუზიანა; დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები. კომისის წევრები ზარალს სწავლობენ”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ძლიერმა ქარმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაშიც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები.