სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
1საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც პირველი ფესტივალი შეაჯამა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. 13 სპექტაკლიდან ჟიურიმ გამოავლინა პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული თეატრები.
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
პირველი ადგილი – მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“ (ჯილდო 15 000 ლარი).
მეორე ადგილი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „უსამშობლო კაცი“ (ჯილდო 10 000 ლარი).
მესამე ადგილი – სამტრედიის დრამატული თეატრისა და დმანისის სახელმწიფო თეატრის კოპროდუქციული სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (ჯილდო 5 000 ლარი).
გამარჯვებულებმა, ფულად პრემიებთან ერთად, კომპანია „ზარაფხანის” მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოებიც მიიღეს. ასევე, ფესტივალის მონაწილე თეატრებს გადაეცათ სპეციალური სიგელები.
სიღნაღის თეატრალური ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები და თეატრმცოდნეები.
როგორც ცნობილია, 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტმა პირველად უმასპინძლა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნებულ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე – პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.
სპექტაკლებთან ერთად ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავდა: დაინტერესებული პირებისთვის ერთი კვირის მანძილზე იმართებოდა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალური სფეროს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები უძღვებოდნენ.
ერთი კვირის განმავლობაში სიღნაღის რეგიონი იქცა შემოქმედებით ცენტრად, მაყურებელთა მზარდი ინტერესი და მასტერკლასების მონაწილეთა რაოდენობა კი მოწმობს, რომ პირველმა ფესტივალმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისში ჩატარდება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები და ამავე სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.