მთავრობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 154 თანამედროვე ავტობუსს იყიდის
მთავრობა 154 თანამედროვე, 8 მეტრიან ავტობუსს შეიძენს, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტობუსების საერთო ღირებულება 53 მლნ ლარი იქნება.
„გადავწყვიტეთ, 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც 53 მლნ ლარს გადავიხდით. ეს იქნება 8 მეტრიანი, ISUZU-ს მარკის, თანამედროვე, ევრო 5 სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან.
მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში, არსებული შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილება დაკავშირებული იყო პრობლემებთან. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ მიმართულებით კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ უფრო მეტად კომფორტული იყოს ჩვენი ხალხის გადაადგილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებმა პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.