თელავში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტულ დერეფანზე იმსჯელეს
თელავში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტულ დერეფანზე იმსჯელეს.
საერთაშორისო პროექტში ,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.
პროექტი ხორციელდება კავალას განვითარების სააგენტოს მიერ (საბერძნეთი, რომლის პარტნიორებიც არიან: ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლების გაერთიანება (ბულგარეთი, აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (თურქეთი), „დუნაის შავი ზღვის“ უნივერსიტეტის ფონდი (რუმინეთი), მოლდოვის შიდა ტურიზმის ეროვნული ასოციაცია (ANTRIM), (მოლდოვა) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა იუნესკოს დაცული ძეგლების და მასთან დაკავშირებული 10 გეოლოკაციის ტურისტული კორიდორი. ტურისტული პროდუქტი ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკის ტურისტისთვის. მომზადდა ორდღიანი ტური. პროექტის ფარგლებში, თელავის უნივერსიტეტის პასუხისმგებელია 6 სასწავლო- სატრენინგო მოდულის შემუშავებაში, კერძოდ: ტურიზმის ინდუსტრია; მემკვიდრეობის მართვა; ტურიზმის დაგეგმვა; ტურიზმის მარკეტინგი; კულტურული კომუნიკაციები; კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები;
შემუშავებული მასალა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროექტის დასრულებისთანავე როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური სახელმძღვანელოს ფორმატით. UNESCO-ს მემკვიდრეობის კორიდორი იქნება უნიკალური, მულტიმედიური პროდუქტი-სერვისი შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე, რაც ერთმანეთთან გააერთიანებს განათლებასა და გართობას. პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი წარდგენილ იქნა 2023 წლის ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე.