ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ თელავის თეატრს მიკროავტობუსი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი მმართველობის სფეროში მოქმედ კიდევ 11 თეატრს, მათ შორის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს, ახალი მიკროავტობუსები გადასცა.

ავტობუსები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს ფლობდნენ. თბილისის სამ, რეგიონის შვიდ და ასევე დევნილ თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. კულტურის სამინისტრომ თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა; გამარჯვებულ კომპანია შპს „სენამოტორსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა. მიკროავტობუსები 1,149,182 ლარად შეიძინეს.
ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო”,
– წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.