ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გახსნეს

აგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი პარტიის ლიდერებმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ გახსნა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის მადლობელია იმ ადამიანების, ვინც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

„50 ოფისი გავხსენით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ახლა ვართ სოფელ იორმუღანლოში. არა თუ რაიონებსა და ქალაქებში, არამედ სოფლების დონეზეც კი, სადაც შეგვეძლება ყველგან გავხსნით ოფისს, ყველგან ვიშრომებთ, ყველგან ვიბრძოლებთ. მე მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს. ყველგან ჩავალთ, ყველგან მოვბილიზდებით და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში, აქტიურობასა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ოფისი კიდევ ერთი გამაძლიერებელი შეკრების ადგილი იქნება, სადაც „მოიხარშება ყველა ის სიკეთე და სინამდვილე“, რომელიც ჭირდება დღეს ქვეყანას.

„ეს არის ადგილი და სოფელი, სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ განვითარდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომელიც ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. დღეს გავხსენით ოფისი, რომელიც ამასთან ერთად იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მთავარი ოპოზიციური ძალის კიდევ ერთი გამაძლიერებელი შეკრების ადგილი, სადაც მოიხარშება ყველა ის სიკეთე და სინამდვილე, რომელიც ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაზირგან კულიევმა აღნიშნა, ვისაც სურვილი აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს ოფისში და საკუთარი სურვილი დააფიქსიროს.

„დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში პირველად გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რაც ამ დრომდე არ ყოფილა. წარმატებებს ვუსურვებ და წინსვლას. ვისაც სურვილი აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია მობრძანდეს ოფისში და გამოთქვან საკუთარი პრეტენზიები, სურვილები და ა.შ. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ამისათვის საჭიროა, რომ ეს ხელისუფლება მალე დავამარცხოთ“,– განაცხადა ბაზირგან კულიევმა.