პრეზიდენტი – გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს.
ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს – „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით. ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული – ყველაფერზე, გარდა საკუთარ ინტერესზე. რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო.
ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.