რა ეტაპზეა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი სამოყვარულო ტურნირებისთვის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.
დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და დასასვენებელ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა. არსებული მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე, უნივერსიტეტისათვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება სტუდენტების მოსაზიდად, რეგიონული ტურნირების ჩასატარებლად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობას.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 2 260 800 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპნია შპს ,,გიკო,, ახორციელებს.
პროექტის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.