ლაგოდეხელი ექიმის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები
ლაგოდეხში მცხოვრები ექიმი ია ლაცაბიძე ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის ბისერებით და, ნატურალური ქვებით ბროშებს, მძივებს და, სამაჯურებს ამზადებს. თევზის ფხებით აკეთებს პანოებს და ქარგავს აბრეშუმის ლენტებით.
ია ამბობს, რომ ხელოვნება და სხვადასხვა ნივთების საკუთარი ხელით გაკეთება ბავშვობიდან მოსწონდა.
,,დავიბადე ქალაქ ლაგოდეხში, აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი ლაგოდეხში. მას შემდეგ უკვე 33 წელია ვმუშაობ ექიმად. ამჟამად მაქვს 2 პროფესია, ვმუშაობ პოლიკლინიკაში ოტორინოლარინგოლოგად და სტაციონარში_ ექიმ-რეანიმატოლოგად. ბავშვობიდან მიყვარდა სხვადასხვა ნივთების ხელით დამზადება. 6-7 წლის ვიყავი, დედას ვაკვირდებოდი როგორ კერავდა საწოლისთვის ლეიბს, საბანს. მორჩენილი ქსოვილისგან დამოუკიდებლად შევუკერე ჩემს თოჯინას სხვადასხვა ნივთები. რამდენჯერმე დედას კაბა დავჭერი და თოჯინებს ვუკერდი კაბებს და, ქუდებს. ერთხელ დედას ქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლები მოვატეხე და ჩემს სანდლებს მივაჭედე ლურსმნებით.
საერთოდ, ძალიან მიყვარს ხელსაქმე, კერვას ქსოვა და ქარგვა დავამატე. ხშირად, ჩემი ყაისნაღით მოქსოვილი ფეხსაცმლით, ჩემი შეკერილი ტანსაცმლით ვიწონებდი თავს. მყავს ერთი შვილი, გიორგი და მას ვუკერავდი შარვლებს. შემდეგ ქარგვამ გამიტაცა, ჯერ სუფრებს და ხელსახოცებს ვქარგავდი, მერე ნახატები გადმომქონდა კანვაზე. მერე ინტერნეტიდან ვისწავლე აბრეშუმის ქსოვილით, ტყავით და ზამშით ყვავილების გაკეთება. ამ ყვავილებით ვამზადებდი ბროშებს, თმის სამაგრებს და ა.შ.’’,- განუცხადა knews.ge-ს ია ლაცაბიძემ.
ია ამბობს, რომ ამ დროისთვის სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებს. იგი განმარტავს, რომ ნამუშევრების შესაქმნელად დროს მხოლოდ სამსახურის შემდეგ ნახულობს, თუმცა ხელნაკეთი ნივთების დამზადება მას სიამოვნებას ანიჭებს.
,,ვამზადებ ბისერებით, ნატურალური ქვებით ბროშებს, მძივებს, სამაჯურებს. თევზის ფხებით ვაკეთებ პანოებს, ვქარგავ აბრეშუმის ლენტებითაც. დამღლელი სამუშაოს შემდეგ, ჩემი ჰობი რელაქსაციის საშუალებაა, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რამდენიმე გამოფენაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ძირითადად, საჩუქრად ვარიგებ ჩემს სამკაულებს, ზოგი გაიყიდა კიდეც. ნივთების შესაქმნელად მასალას თბილისში ვყიდულობ, სამწუხაროდ, ლაგოდეხში არ იყიდება. პანდემიის დროს ვერ წავედი თბილისში, შემომელია მასალა და ეხლა განვაახლე ისევ აქტიურად მუშაობა. ასე რომ, ჩემი საქმიანობა ჯერჯერობით ჰობის დონეზეა’’,- აღნიშნავს ია.
ია სამომავლოდ მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ნივთების შეთავაზებას და ინტერნეტის საშუალებით დამზადებული ნივთების რეალიზაციას გეგმავს.
,,სამომავლოდ ვფიქრობ ჩემს მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციას, ალბათ, ინტერნეტის საშუალებით. თითოეული ნამუშევრის დამზადების დრო დამოკიდებულია მასალასა და დიზაინზე, მაგრამ თუ დავიწყე რამის გაკეთება, აუცილებლად დავამთავრებ იმ დღესვე. 2 კვირის წინ ვიყავი თბილისში, შევიძინე მასალა, რომ ჩამოვედი 2 დღეში 12 სამაჯური გავაკეთე, ეხლა ვისვენებ. ნატურალურ ქვებს რომ შევხედავ მაღაზიაში, უკვე წარმოდგენილი მაქვს რას გავაკეთებ. ინტერნეტშიც ზღვა მასალაა, რომლის მიხედვითაც შემიძლია შევქმნა სამკაული.’’