ახალი ამბები

NGO-ები შსს-ს: ადვოკატებს დაუყოვნებლივ მიეცით ყვარელში დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ყვარელში აქციაზე დაკავებულების ადვოკატებს თელავის პოლიციის შენობაში არ უშვებენ, რითაც უკანონოდ ხელს უშლიან დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში.

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა,

NGO-ების თქმით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებებისას პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები.

მათი თქმით, ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია დაკავებული აქტივისტების მდგომარეობის შესახებ.

,,დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. Პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.

ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა.

მივმართავთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს – დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს”,
-წერია გავრცელებულ განცხადებაში.