ახალი ამბები

,,ელასტია“ – თავის მოვლის საშუალებების ბრენდი ველისციხელი კოსმეტოლოგისგან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები ანა ღაღაშვილი საზოგადოებას ხელნაკეთ კოსმეტიკური კრემებს სთავაზობს. ანამ აღნიშნული საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო, ბრენდი ,,ელასტია” შექმნა და მომხმარებლებს ტრადიციულ კოსმეტოლოგიურ და საავტორო რეცეპტებით დამზადებულ სახისა და ტანის მოვლის საშუალებების ნაირსახეობას სთავაზობს.

როგორც თავად ამბობს, ამ მიმართულებით 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. კრემებს თავდაპირველად საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებდა, თუმცა შემდეგ საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევის გადაწყვეტილება მიიღო.

ანა განმარტავს, რომ მეგობრის რჩევით შექმნა facebook გვერდი, სადაც ხელით დამზადებული კრემების ფოტოები განათავსა. მის პროდუქციას მალევე დიდი გამოხმაურება მოყვა და აქედან დაიწყო ფიქრი ბრენდის შექმნაზე. 

,,წარმოშობით ვარ ველისციხიდან, თუმცა ამ ეტაპზე  ვცხოვრობ თბილისში. 4 წელია რაც ჩემი ბრენდი ,,ელასტია“ არსებობს. 25 წლინი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით, რომელიც თავიდან  ჰობის სახით მქონდა და კრემებს ვამზადებდი პირადი მოხმარებისთვის.  წლების განმავლობაში ვამზადებდი ახალ რეცეპტებს, ვაგროვებდი ცოდნას და გამოცდილებას. ამ ხნის განმავლობაში დიდი ცოდნა დამიგროვდა. 

facebook  გვერდი ახლობლის რჩევით გავაკეთე და ავტვირთე ჩემი ნამუშევრების ფოტო. არც მეგონა რომ ამას რამე მოყვებოდა ან ამ სფეროზე სერიოზულად ვიფიქრებდი.  სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთმა მომხმარებელმა თვითონ გამოთქვა შეძენის სურვილი. ამან სტიმული მომცა საქმიანობა გამეგრძელებინა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი კოსმეტიკა ახალგაზრდებში არ არის პოპულარული. ის  ძირითადად აინტერესებ 30 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს. ბებიების თაობაში კი ხელნაკეთი კოსმეტიკა ძალიან პოპულარული იყო.

კოსმეტიკური კრემები მზადდება ნატურალური მასალით.  გვაქვს თავის მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, დაახლოებით 40-მდე სახის კრემი, ასევე ჩემი საავტორო რეცეპტებით შექმნილი პროდუქტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროშია განხილული.

გვაქვს დღის და საღამოს საცხი, დღის დამცავი, თვალის, სახის,  ტანის კრემები, გამწმენდი ლოსიონები და სხვა. გვაქვს ყველა ტიპის კანისთვის განკუთვნილი კრემები, ეს იქნება მშრალი, ცხიმიანი, ასაკოვანი თუ სხვა.

შეკვეთებს ძირითადად ონლაინ ვიღებთ: როგორც ფეისბუქით, ასევე ტელეფონით. გარდა ამისა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მაღაზია ,,იმპერიალში’’ გვაქვს პატარა სექცია, სადაც წარმოდგენილია ჩვენი პროდუქცია. რაც შეეხება ფასებს, სრულიად ხელმისაწვდომია: 18-დან 35 ლარამდეა’’,- აცხადებს ანა ღაღაშვილი.

ანა განმარტავს, რომ  თავის მოვლისთვის წლების მანძილზე, ბევრი კოსმეტიკის გამოყენება სცადა, თუმცა როგორც თავად ამბობს, შედეგს ერცერთი აძლევდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის თვითონ შეექმნა კოსმეტიკა. იგი ასევე აცხადებს, რომ ხელნაკეთი კოსმეტიკა თავდაპირველად საკუთარი მოხმარებისთვის შეძენილი პროდუქტებით დაამზადა. ცდამ გაამართლა და შეკვეთები ყოველდღიურად იზრდებოდა.

,,წლების წინ ქიმიური წესით შექმნილ კოსმეტიკას ვყიდულობდი და შედეგს არ მაძლევდა.  ჩემი შექმნილი ხელნაკეთი კოსმეტიკით კი შედეგი მივიღე. საქმიანობა ჩემთვის შეძენილი მასალით და ერთი მიქსერით დავიწყე. როდესაც ერთს მოეწონა და ორს ჩემი დაზადებული კოსმეტიკა, სხვებმაც შემიკვეთეს და საკმაოდ ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი. რაც მთავარია, როცა იძენდნენ ჩემს მიერ დამზადებულ კოსმეტიკას, ყოველთვის მაინტერესებდა უკუკავშირი, მოსწონდათ თუ არა და ძალიან მიხაროდა, რომ მომხმარებელს მოსწონდა ,,ელასტია”.  საქმიანობის დაწყებიდან სამი თვე მქონდა დაკვირვების ეტაპი, როგორ მიიღებდა მომხმარებელი ამ პროდუქციას, რომ დავინახე ყველას მოსწონდა, გადავწყვიტე ამ საქმისთვის თავი არ დამენებებინა. 

პირველი სამი თვე იმდენი შეკვეთა მქონდა, ვერ ვასწრებდი დამზადებას, მერე პანდემიის პერიოდი დაიწყო და იკლო შეკვეთებმა, თუმცა საქმიანობა არ შემიჩერებია. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი დამზადებული პროდუქტი ბრენდად მექცია. 

შემდეგ კი გახდა საჭიროება საქმიანობის გაფართოების. სახლის პირობებში კი მზადდებოდა სტერილური პირობებში, მაგრამ  მაინც საჭირო იყო საწარმო.  როცა ბრენდზე გაქვს პრეტენზია, მომხმარებელს სახლში დამზადებულს უკვე ვეღარ მიაწვდი. 

ამ მიზნით, თბილისში ვიქირავე ფართი, სადაც ახლაც მზადდება ,,ელასტიას’’ პროდუქცია. ეს წლები პროდუქტის რეალიზაციას ვახორციელებდით, თუმცა არ იყო იმდენი, რომ მსხვილი თანხა  მქონოდა ხელსაწყოების შესაძენად.  დავიწყე ფინანსების მოძიება და გავიგე ,,აწარმოე საქართველოს” პროექტის შესახებ. დავწერე საგრატო პროექტი და მოვიგე. ამის ფარგლებში მოხდა საწარმოს აღჭურვა. შემოვიტანე თუ კი რაიმე დანადგარი იყო საჭირო ხელნაკეთი კოსმეტიკის დასამზადებლად.’’

ანას ამ დროისთვის გარდა პროდუქტის დამზადებისა, აქვს კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები,  სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ კოსმეტიკური საშუალებების დამზადება.

ანა განმარტავს, რომ სამომავლოდ თავის მოვლის საშუალებების სერიულ წარმოებას და შეკვეთების გაზრდის შემთხვევაში ადამიანების დასაქმებას გეგმავს

,,ამ ეტაპზე გახსნილი მაქვს კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები და მყავს მოსწავლეები.  ამ მიმართულებით მოთხოვნა წლებია არის, თუმცა ყველას უარით ვისტუმრებდი, რადგან არ მქონდა შესაბამისი ინვენტარი და არც ფართი. როცა მომეხსნა ეს პრობლემები, შევიმუშავე  საბაზისო პროგრამა.

სამომავლოდ გვინდა გადასვლა სერიულ წარმოებაზე, რომ ჩვენი პროდუქტი მაღაზიების და აფთიაქების თაროებზეც გაჩნდეს. ამის რესურსი  გვაქვს. გეგმაში მაქვს ასევე, რომ  კახეთშიც გაიყიდოს ჩემი პროდუქცია და პირველად დავიწყო ეს სოფელ ველისციხიდან,’’- აცხადებს ანა.