პრემიერი – მე ველი, რომ წლის ბოლოს გვექნება კანდიდატის სტატუსი
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი.
“მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც.
გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი.
შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი”,- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება.
საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.