ახალი ამბები

არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს აგრესორისგან – დეგნანი რუსეთიდან ფრენებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ელჩი კვლავ აცხადებს, რომ მთავარი კითხვაა ის, რატომ აძლევს ვლადიმერ პუტინი ამ “საჩუქარს” საქართველოს ახლა. დეგნანის თქმითვე, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა თუ პუტინი რუსულ ჯარს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაიყვანდა. ამასთან, შეასრულებდა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობებს და გადახედავდა საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის შესახებ.

“ეს ჟესტი ნამდვილად იქნებოდა ქართველებისთვის მნიშვნელოვანი. პუტინი არავის არაფერს აძლევს “უფასოდ” და კითხვა უნდა დაისვას, რატომ აკეთებს ამას და არა იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნებოდა. არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს ფრენის უფლება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიგო სანქცირებულია თუ არა. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, არიან თუ არა ისინი სანქცირებული თვითმფრინავები, აქვთ თუ არა სათანადო ნაწილები, აქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკური მომსახურება. ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური წუხილი, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. განსხვავება დღევანდელ დღესა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო ბრუტალური და სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ. რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც ბრუტალური აგრესორია, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც უნდა დაისვას”,-აცხადებს დეგნანი.