გაიცანით 16 წლის ახალგაზრდა ლაგოდეხიდან, რომელიც ხის ფირფიტებზე ხატავს- ფოტოები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები 16 წლის გოჩა ჯამასპიშვილი თვითნასწავლი მხატვარია. ახალგაზრდა ამბობს, რომ ხელოვნებით და ხატვით დიდი ხნის წინ დაიტერესდა.
როგორც თავად აღნიშნავს, ხატავს ყველგან, სადაც საშუალება აქვს. უყვარს სხვადასხვა ნივთების ლამაზი ნახატებით გაფორმება.
,,ვარ გიორგეთის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ვცხოვრობ სოფელ ლაფნიანში. ვარ თვითნასწავლი მხატვარი, პატარაობიდან მოყოლებული რაც მახსოვს სულ ვხატავ. ყოველთვის ფანქარი მეკავა ხელში და სულ ჩემთვის ვხატავდი. ხატვის ნიჭი მამიდისაგან მერგო, ისვე მასწავლიდა პატარაობაში სულ მარტივი რამეების ხატვას”,- აცხადებს გოჩა.
ახალგაზრდა ამ დროისთვის ხის, თხლად დაჭრილ მორებე ხატავს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.
,,ბოლო პერიოდია საკუთარი ჰობი შემოსავლის წყაროდ ვაქციე. მანამდე ამ საქმეს შემოსავლის წყაროდ ვერც აღვიქვამდი. ვხატავ ხის თხლად დაჭრილ მორებზე, რომელიც ამ ზამთარს, სასკოლო არდადეგების პერიოდში დავიწყე. ჩემი მეზობელი ამ ხის მორებით ვაჭრობს, ამიტომ როგორც კი ხელში ჩამივარდა, ეს იდეაც მომაფიქრდა, თუმცა ამით ფულის შოვნას მაინც არ ვფიქრობდი. მეგობარის რჩევით, განვათავსე პოსტი ლაგოდეხის ფეისბუქ ჯგუფში და სწორედ ასე მივიღე პირველი შეკვეთა”,– აღნიშნავს გოჩა ჯამასპიშვილი.
გოჩა ამბობს, რომ ნამუშევრის ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთასა და ნახატზე.
,,ნამუშევრის ღირებულება დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულესა და თავად მასალის ზომაზე, მაგრამ ჩემი შესრულებული ყველაზე რთული ნახატი ჯერ 35 ლარს ზემოთ არ გამიყიდია. შეკვეთის მიწოდებას რაც შეეხება, ფოსტის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას გავაგზავნი. შეკვეთებს სეზონურად ვიღებ. ახლა კი ვიწყებ ბოლო ზარის პერანგების მოხატვას, ეს საქმიანობაც წელს დავიწყე.
რადგან ახლა ხის მასალა არსად იყიდება, ხის ფირფიტებს ახლა უკვე ჩემით ვამზადებ, რაზეც შემდეგ ვხატავ”,-აცხადებს ახალგაზრდა.
გოჩა ამბობს, რომ გარდა ხელოვნებისა, ის ასევე სხვადასხვა პროექტებშია ჩართული და არის აქტიური მოქალაქე.
,,სულ ვცდილობ მივიღო სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, რაც კი ხატვას ეხება. 2017 წელს ერთადერთი ვიყავი კახეთის რეგიონიდან, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სიგელით დაჯილდოვდა ხატვაში. მომავალშიც ვაპირებ კიდევ ბევრ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. ბოლო დროს მივიღე მონაწილეობა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მიერ გამართულ ლოგოების კონკურსში და საქართველოში 25 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს შორის მოვხვდი. მხატვრისათვის ეს მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვარ ახალგაზრდული საბჭოს წევრი და აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში.”
ახალგაზრდა სამომავლოდ საკუთარი სოციალური გვერდის შექმნას გეგმავს, სადაც განთავსდება მისი ნამუშევრები, რომლების შეძენაც უკვე იქნება შესაძლებელი.