სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა.
„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” გაგზავნილ პასუხში.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს აანონსებს, რომელიც სწორედ მესამე ქვეყნების საშუალებით სანქციების გვერდის ავლაზე იქნება ფოკუსირებული.
წყარო: netgazeti