ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.
“უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.
ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად”,- აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.