როგორ დაითვლება ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ტარიფი
ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, არსებული გეგმით, მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2018 წლის დეკემბერში შევიდა, უნდა დავივიწყოთ, რადგან საუბარია ახალ კანონონზე და საქართველოსთვის სრულიად ახალ, უნიკალურ ხედვაზე.
ხეჩინაშვილის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობას სამთავრობო გუნდი ამთავრებს და დაგეგმილია, რომ დოკუმენტი პარლამენტში თვის ბოლომდე შევა. მისი განხორციელება ოქტომბერ-ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, მომდევნო წლის პირველი კვარტლიდან კი, არსებული გეგმით, ეს სისტემა უნდა ჩაირთოს, ანუ გაჩნდეს ამ დაზღვევის შეძენის ვალდებულება.
„ეს არც გადასახადია და არც ჯარიმა. ესაა სავალდებულო წესით სერვისის შეძენა, რომელიც ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებულ ზიანს დააკომპენსირებს, ბრალეულობისგან დამოუკიდებლად. ეს სოციალური მნიშვნელობის ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში მუშაობს. შედეგად, ბიუჯეტს 30 მილიონი ლარის შეღავათი იქნება, რადგან ჯანმრთელობის ზიანი სწორედ აქედან იქნება ანაზღაურებული. ასევე გაჩნდება შრომის უუნარობასთან დაკავშირებული და სხვა სახის კომპენსაციები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან კარგი პაკეტია,“– განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, პირველი 3 წელი ან მეტი არ იქნება კონკურენცია, ანუ იქნება სტანდარტული ფასი ძრავის მიხედვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი კონკურენცია გაიხსნება, რაც შესაძლოა ეტაპობრივად ან პირდაპირ მოხდეს. ხეჩინაშვილის თქმით, პირველი 3 წელი გარკვეულ სურათს გამოავლენს, შემდგომ კი დაინერგება ის სისტემა, რომელიც უცხოეთში არსებობს.
„უცხოეთში ასე ხდება: თუ გყავთ მანქანა, ელექტრონულად აგზავნით განაცხადს ან პირადად მიდიხართ, ირჩევთ სადაზღვევო კომპანიას. კომპანიებს ძალიან განვითარებული პროგრამები აქვთ, სადაც რისკის პროფილი იქვე გენერირდება და მასში შედის არა მხოლოდ ისტორიული მონაცემები დაზღვევის ამ სახეობაში, არამედ ის, თუ როგორი გადამხდელი ხართ, მაგალითად როგორ იხდით კომუნალურებს, ფასი ინდივიდუალურად დადგინდება. ასე მუშაობს თანამედროვე კონკურენტული სქემები. ასე იქნება საქართელოშიც და ამ კუთხით იმედის მომცემია ის, რომ საქართველო დიგიტარლიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა,“- განაცხადა ხეჩინაშვილმა.