NDI-ის კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია
ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კერძოდ, კითხვაზე – გთხოვთ, შეაფასოთ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, 9% ამბობს, რომ კარგია, 42% მიიჩნევს, რომ საშუალოა, 48% აღნიშნავს, რომ ცუდია. ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.
NDI-ის კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კერძოდ – კითხვაზე, რამდენად ხართ, ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 35% აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, 50% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, 15% კი აღნიშნავს, რომ არ იცის.
ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.