ახალი ამბები

ავტომფლობელებს სავალდებულო დაზღვევა წელიწადში 200 ლარამდე დაუჯდებათ

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტში სადაზღვევო სექტორის წილი 1%-ზე ოდნავ მეტია, რაც აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია.

ევროპის განვითარებული ეკონომიკების ქვეყნების მშპ-ში კი დაზღვევის წილი 6-7%-მდეც ადის. ამასთან, ონოფრიშვილის თქმით, ევროპის შესაბამის სტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს დიდი პროგრესი აქვს.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ დაზღვევის სექტორი განვითარდეს, მნიშვნელოვანია დაზღვევის ისეთი სავალდებულო სახეობის შემოღება, როგორიცაა ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.

როგორც ონოფრიშვილმა business-partner.ge-ს განუცხადა, აღნიშნული დაზღვევის შემოღების შემდეგ ბაზარი 30%-ით გაიზრდება. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, რომ საზოგადოებაში დაზღვევის კულტურა და ცნობიერება ამაღლდეს, რისთვისაც ვრცელდება ბუკლეტები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.

რაც შეეხება ტარიფებს, დავით ონოფრიშვილის თქმით, 4-5 წლის წინ, როდესაც შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, საუბარი იყო წელიწადში 150-160 ლარზე, ახლა კი სავარაუდოდ 200 ლარის ფარგლებში იქნება, რაც დღეში 70-80 თეთრი გამოდის. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ნაწილში, ანაზღაურება იქნება 25-30 ათასი ლარის ფარგლებში და ეს თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს გამოუთავისუფლდება. ქონების დაზიანების შემთხვევაში ლიმიტი 25 ათას ლარს მიაღწევს.