ახალი ამბები

თელავის საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციამ, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფრაქციის წევრებმა შეხვედრაზე, მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია და ამომრჩეველთან გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.

მათ ასევე ისაუბრეს ფრაქციის სამომავლო გეგმებზე, ბიუჯეტში ასახულ ახალ პროგრამებსა და ინიციატივებზე.

შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები და ამომრჩევლები ესწრებოდნენ.

,,ფრაქციამ დამსწრეებს გააცნო მუშაობის ანგარიში, თუ რა ინიციატივები დავაყენეთ, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნა და წარმატებით განხორციელდა, ასევე ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა საკრებულოს უმრავლესობის მიერ. ასევე ვისაუბრეთ იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ ვიაქტიუროთ საკვანძო საკითხების მიმართულებით: ეს არის წყალმომარაგება, უპატრონო ძაღლების პრობლემა, სოციალური პრობლემები და განაშენიანების გენერალური გეგმა“,-განუცხადა knews.ge- ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ და საკრებულოს წევრმა გიგი გიგიტელაშვილმა.