ახალი ამბები

15:00 საათისთვის, გურჯაანში, საარჩევნო უბნებზე 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა.

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა.

რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში 23,7 (6 294) ამომრჩეველი. ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.

შეგახსენებთ, კახეთის რეგიონიდან, მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტარდება შუალედური არჩევნები.

ვეჯინსა და ძირკოკში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, უბნების წინ დგანან მმართველი პარტიის აქტივისტები სიებით და ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს აღრიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს პირველად უწევს ელექტრონული წესით არჩევანის გაკეთება.

ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ მუხულიშვილია.

ძირკოკსა და ვეჯინში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე 4000- მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.