სტრასბურგმა აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის ფედერაციას შესაბამისი კონპენსაციები დააკისრა, რაც განისაზღვრა 129 827 500 ევროს ოდენობით :
3 250 000 მილიონი ევრო — ოკუპირებული ცხინვალსა და ბუფერულ ზონაში მოქალაქეების დახოცვისა და მკვლელობების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
2 697 500 ევრო — სულ მცირე, 166 დაზარალებულის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის, ასევე, უკანონო დაკავებებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფებში 2008 წლის აგვისტოში.
640 000 ევრო — სულ მცირე, 16 დაზარალებულისთვის, რომლებსაც ზიანი მიადგათ ცხინვალის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად.
115 000 000 ევრო — სულ მცირე, 23 000 დაზარალებულისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაში ხელშეშლის გამო.
8 240 000 ევრო — სულ მცირე, 412 ადამიანისთვის ომის აქტიური ფაზის პერიოდის სიკვდილის შემთხვევების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს, 12 წლიანი ლოდინის შემდეგ გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე, პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
ასევე, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა.