ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა EU-ში ბინადრობის ნებართვის მიღების ვადის შემცირებას
20 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინსტიტუციური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის (EU) ქვეყნებში ბინადრობისა და მუშაობის ერთჯერადი და გრძელვადიანი ნებართვების შესახებ დირექტივებზე, რომლის მიზანიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაცხადის პროცედურების დაჩქარებაა.
სტრასბურგში კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს გეგმები ბლოკის მასშტაბით ლტოლვილებისა და მიგრანტების განაწილების შესახებ, რაც გზას უხსნის ევროპარლამენტარებს ევროკავშირის მინისტრებთან საბოლოო კანონების შესახებ მოლაპარაკებისთვის. ყველა მხარემ პირობა დადო, რომ შეთანხმებას 2024 წლის აპრილამდე მიაღწევენ – იმავე წლის ევროპარლამენტის არჩევნებამდე.
დირექტივა EU-ს ლეგალურად ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს სთავაზობს ერთჯერად ნებართვას ცხოვრებისა და მუშაობისთვის ევროკავშირის ქვეყანაში. განაცხადის დამუშავების დრო 90 დღემდე შემცირდება, ხოლო ერთჯერადი ნებართვის ვადა კონტრაქტზე იქნება დამოკიდებული.
შემდეგი დირექტივა ეხება გრძელვადიან ნებართვას, რომელიც საშუალებას მისცემს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, მიმართონ ეროვნულ ორგანოს, რათა იცხოვრონ და იმუშაონ გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების სამი წლის შემდეგ. ამჟამად, გაერთიანების უმეტეს წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნის მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის ნებართვა 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეუძლიათ მიიღონ.
გრძელვადიანი ნებართვისთვის დამტკიცების ვადა განისაზღვრება 60 დღით. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ სამუშაო ან სასწავლო მიზნებისთვის სხვა წევრ ქვეყანაში გადასვლა დამატებითი მოთხოვნების გარეშე. ამ სქემის შესაბამისად, ბენეფიციარებს შეეძლებათ დატოვონ ევროკავშირის ტერიტორია 24 თვის განმავლობაში სტატუსის დაკარგვის გარეშე.