„გვაქვს უკანონო ავტოსადგურები, საიდანაც გადიან მძღოლები, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც არ აქვთ“
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2% – ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაცია თვლის, რომ მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს თვითორგანიზებული ავტოსადგურები, საიდანაც მგზავრები ისეთ მძღოლებს გადაყავთ, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ.
„პირველ რიგში ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები. მსმენია იმის შესახებ რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან. ბევრი ფაქტია რომ ადამიანებს არ აქვს მართვის მოწმობა და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე, ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, შვიდჯერ, ათჯერ. საბოლოოდ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა,“– აღნიშნა მესხიშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას.