სოფელ ტიბაანში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მცხოვრები სომხიშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ოჯახის დიასახლისი, 58 წლის ლელა სომხიშვილი აცხადებს, რომ ორი დღის წინ, სავარაუდოდ სადენებიდან, მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რამაც ყველაფერი გაანადგურა. მისი თქმით, სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვეღარ შეძლეს და რაც ჰქონდათ, შენობასთან ერთად დაიწვა. მისი თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ, თუმცა ისე იყო გავრცელებული ცეცხლი, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
,,საღამოს დაღლილი ვიყავი და დავწექი, რამ გამაღვიძა არ ვიცი, მაგრამ რომ გამოვედი სამზარეულოში უკვე ხანძარი იყო. მხოლოდ ტელეფონი ავიღე და გამოსვლა მოვასწარი. სახანძროს დავურეკეთ მაგრამ იმდენად სწრაფად გავრცელდა ცეცხლი ვერაფრის გადარჩენა ვეღარ მოვახერხე”,– აცხადებს ლელა.
ამ დროისთვის ლელა თავის 18 წლის შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს, თუმცა, გარდა სახლისა, მათ სხვა ბევრი საჭიროებები აქვთ. არ აქვთ საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
,,ხანძრის დროს ლელას შვილი სახლში არ იყო. დედას ეძინა როდესაც ცეცხლი გაჩნდა შენობის ჭერში. ხმაურმა გააღვიძა და გარეთ რომ გამოვიდა, მაშინ ჩამოვარდა სახლის ჭერი. როცა სახანძრო მოვიდა, უკვე მთლიანად დამწვარი იყო სახლი და ვერაფერი ვერ გადაარჩინეს. ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, ახლა მათ ჭირდებათ გვერდში დგომა და ამიტომ გადავწყვიტეთ ფულის, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება. თითოეული ლარი და ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. ამჯერად ჩემთან იმყოფება და აქვს დროებითი თავშესაფარი. კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს, რომ დაუდგებიან გვერდში, რომ ერთი ოთახი გაკეთდეს, სადაც ოჯახი შეძლებს ცხოვრების ახლიდან დაწყებას”,– აცხადებს ოჯახის ნათესავი ხატია შიხაშვილი.
ოჯახის დასახმარებლად გროვდება თანხა:
თბს: GE80TB7413645064300036 – მიმღები თამარ კიკილაშვილი
საქ: GE28BG0000000161331094 – მიმღები ხატია შიხაშვილი