მერძევეობაში 2023 წელს, დამატებით 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსებაა გათვალისწინებული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით 2023 წელს, დამატებით 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის შესახებ ისაუბრა.
„მერძევეობის მოდერნიზაციის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), რომლის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა.