ახალი ამბები

საქართველოში ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება – UNICEF

საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი აღინიშნება ბავშვების თითქმის 38%-ს. კვლევის ფარგლებში განისაზღვრება ბავშვის კეთილდღეობის მრავალინდიკატორიანი საზომი – ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი. ეს გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვა).

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს დანაკლისის არმქონე ბავშვებთან შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებათ ფუნქციური შეზღუდვები. ისინი დანაკლისის არმქონე ბავშვების თანაბრად არიან წარმოდგენილი ფორმალური განათლების სისტემაში. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს ნაკლებად აქვთ საშუალება, მოემზადონ კერძო პედაგოგთან და ნაკლებად არიან წარმოდგენილნი სპორტისა და ხელოვნების კლასგარეშე აქტივობებში. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს დანაკლისის არმქონე ბავშვებთან შედარებით უფრო იშვიათად იკვებებიან სკოლის საათებში, მათი ნახევარი კი არასდროს არ ჭამს სკოლის საათებში”,-წერია კვლევაში.

16 წელზე ნაკლები ასაკის ყველა ბავშვი, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულაც 120.001-ზე ნაკლებია, იღებს თვეში 150 ლარის დახმარებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, 2022 წლის ნოემბრისთვის აღნიშნული დახმარება მიიღო 229 633 ბავშვმა (ყველა ბავშვის 26.2%-მა).

კვლევის თანახმად, ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება. კერძოდ, კვლევაში წერია, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და ბავშვების ერთ მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისთანაც არ აღინიშნება მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი არის ფინანსური პრობლემა -37.7%, ხოლო სკოლის დროს საკვების არმიღების იგივე მიზეზი მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3%-ს აქვს. ასევე მნიშვნელოვანი ბარიერია სკოლის სიახლოვეს კვების ობიექტის არარსებობა და ეს მიზეზი შეადგენს შემთხვევების 36.4 პროცენტს.

მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია ქალაქი/სოფლის და მატერიალური დანაკლისის არსებობის მიხედვით. სოფლად ყველაზე მთავარი მიზეზი არის სკოლაში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე საკვების შეძენის შეუძლებლობა (48%). 16% აღინიშნა საკმარისი თანხის უქონლობა.

კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა დადებითად პასუხობს (83.2%).

კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივლის-სექტემბერში, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების შესახებ მონაცემების შეგროვება. გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ. კვლევის შედეგები საქართველოში მცხოვრები ბავშვების წარმომადგენლობითია. კვლევის შედეგები უზრუნველყოს პოლიტიკის შემქმნელებს საჭირო ინფორმაციით, რომელიც დაეხმარება ქვეყანაში სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემების გაძლიერების მიზნით შემდგომი ცვლილებების დანერგვაში.