რას მოიცავს კვლევითი პროექტი, სოფელ ნუკრიანში სამეზობლო ინიციატივის განვითარების მხარდაჭერის შესახებ
სათემო კავშირი ნუკრიანი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერითა და სათემო განვითარების ცენტრთან (CDC) თანამშრომლობით, სოფელ ნუკრიანში, ახალ კვლევით პროექტს „ანდრონიკაანთ უბანი“ – სამეზობლო ინიციატივის განვითარების მხარდაჭერა სოფელ ნუკრიანში“ განახორციელებს.
სათემო კავშირი ნუკრიანის ხელმძღვანელი, მაია ბიძინაშვილი აცხადებს, რომ სოფელი მდიდარია ისტორიული უბნებითა და მატერიალური და არამატერიალური კულტურის რესურსებით. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, სწორედ სოფელში არსებული ,,ანდრონიკაანთ უბნის’’ კვლევა მოხდება.
,,სათემო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების კვლევით ფოკუსში, ქვემო ნუკრიანში მდებარე ერთ-ერთი ძველი ქუჩა ჯერ კიდევ 2014 წელს მოხვდა, როდესაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების აღწერა მიმდინარეობდა.
მას მერე, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ინფორმაციის თავმოყრას ამ უსახელოდ დარჩენილი და გამვლელისთვის დამალული უბნის შესახებ, რომელსაც პირობითად „ანდრონიკაანთ უბანს“ ვუწოდებთ, რადგან მე-19 საუკუნის მიწურულამდე აქ სწორედ ანდრონიკაშვილების რამდენიმე ოჯახს უცხოვრია. ამ მეხსიერებას უბანი დღემდე ინახავს, მათ შორის დოკუმენტურად’’,- განუცხადა Knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქუჩა საერო არქიტექტურის უნიკალური ნიმუშებით − ძველი ქართული სახლების სიმრავლითა და საინტერესო ურბანული განაშენიანებით გამოირჩევა. ასეთი არქიტექტურული მემკვიდრეობა საუბნო თუ სასოფლო განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.
,,2023 წლის ბოლომდე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭრით, მოგვეცემა შესაძლებლობა ვიკვლიოთ უბნის ისტორია, შევქმნათ ფოტო-არქივი, აღვწეროთ არქიტექტურული მემკვიდრეობა, შევაგროვოთ და ჩავიწეროთ საუბნო მეხსიერება, მოვიძიოთ ძველი ფოტო-მასალა, საარქივო დოკუმენტები და აქაურ მაცხოვრებლებთან ერთად ვიმსჯელოთ უბნის მომავალზე და ერთგვარ საუბნო-საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც ჩავუყაროთ საფუძველი.’’
მაია ბიძინაშვილი ასევე ადგილობრივებს მოუწოდებს, უბნის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ და მათ გაუზიარონ.
,,ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე პროექტის მიმდინარეობის შესახებ მუდმივად გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას. თუკი ჩვენი გვერდის მიმდევრებმა რაიმე იციან, ამ უბნის შესახებ და ჩვენთვის გაზიარების სურვილი გექნებათ ძალიან დაგვეხმარებიან.’’