სამინისტრო: ავტოავარიებით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა
2022 წელს, 2021-თან შედარებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 6.7%-ით შემცირდა, ავტოავარიების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 2.4%-ით იკლო, ხოლო მათგან გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელმა – 4,2%-ით.
ამ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის მიერ საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
გურამიშვილის თქმით, შემცირების მიუხედავად, მონაცემები კვლავ მკვეთრად მაღალია, რაც ქვეყნისთვის გამოწვევაა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მისივე აზრით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, განაპირობებს რა ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებას და შრომისუნარიანობის ზრდას.
ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, რომ სხდომაზე 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებას და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას გულისხმობს.