პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც კლასიკური, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით კანონის მიღებას ითვალისწინებს
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივას, რომელიც კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით კანონის მიღებას ითვალისწინებს.
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი 80 ხმით, ერთხმად – პირველი მოსმენით მიიღეს.
კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა აღემატებოდეს. ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
კანონპროექტი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახდო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
“არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო კლასიკური ავტომობილების იმპორტი ვეღარ ხდება. შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის მეშვეობით აღნიშნული ტიპის ავტომობილების იმპორტი გაიზრდება, რაც შესაბამისად გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ავტომობილების იმპორტის რაოდენობაზე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.