ახალი ამბები

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური საბჭო შეიქმნა

ქვეყანაში „საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭო“ შეიქმნა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის, იუსტიციის, თავდაცვის, განათლების, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების მინისტრები, ასევე აჭარის მთავრობის დავმჯრომარე, სტატისტიკის სამსახურის დირექტორი, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეები.

დადგენილების თანახმად, „საბჭოს მიზანია საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების, რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციის, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.“

საბჭომ უნდა შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2023 − 2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტები.

ასევე საბჭო, დებულების თანახმად, უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2023 − 2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს; განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.