ახალი ამბები

საქართველოში ფინანსური კრიმინალის ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებთანაა დაკავშირებული – დავით კეშელავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის დავით კეშელავას თქმით, საქართველოში ფინანსური კრიმინალი გაზრდილია, რაც ნაწილობრივ მიგრანტებს, განსაკუთრებით კი, რუსეთიდან პირველი ტალღის დროს შემოსულ ადამიანებს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, მიგრანტების ეფექტი ინფლაციაზეც აისახება, რადგან ამ ნაწილში დიდი როლი აქვს დამატებით მოთხოვნას.

“მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში, ომის დაწყების შემდეგ, ძირითადად მიწოდების ფაქტორები განაპირობებდა მაღალ ინფლაციას, ახლა ინფლაციის მაჩვენებელში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დამატებით მოთხოვნას, რომელიც მიგრანტების ნაკადს უკავშირდება. ვიცით, რომ რეალურად ინფლაცია განსაკუთრებით ნეგატიურად მოსახლეობის ღარიბ ნაწილზე მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი კრიმინალური შემთხვევები, როგორიცაა ყაჩაღობა მკვლელობა და ა.შ. მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გაიზარდა ფინანსური კრიმინალის მაჩვენებელი, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ მიგრანტებს უკავშირდება”,- განაცხადა დავით კეშელავამ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 405 552-მა რუსმა გადმოკვეთა.