ახალი ამბები

როდის დასრულდება თელავში, გზებზე მიმდინარე სამუშაოები

ბოლო რამდენიმე თვეა, ქალაქ თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, ტროტუარების, გზის საფარი ნაწილის გაკეთება და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებლები აცხადებენ, გზებზე მიმდინარე სამუშაოები გაჭიანურებულია, რაც გადაადგილების პრობლემას უქმნით. ისინი საკითხით დაინტერესებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.

,,სამ თვეზე მეტია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენჯერმე გადათხარეს გზა, შემდეგ მოასწორეს და მერე ისევ გადათხარეს. მესმის რომ ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელიათანმიმდევრულად და დროულად გაკეთდეს ყველაფერი. მანქანებით კი არა ფეხით ვერ გაგვივლია იმდენად ცუდ მდგომარეობაშია გზა ამდენი ხანია’’,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავში, სულხანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.

სარეაბილიტაციო და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები ცენტრალურ გზებზეც მიმდინარეობს. თელავში მცხოვრები მძღოლების თქმით, გადათხრილი გზების გამო, მანქანები ზიანდება. პრობლემა კი მაშინ მწვავდება, თუ გზის რეაბილიტაცია დროში იწელება.

,,რამდენიმე თვეა, ცენტრალური გზები ისეა გადათხრილი რომ მანქანით ვერ გაგვივლია. ამდენ ცუდ გზაზე სიარულით მანქანები გვიფუჭდება. საუბნო გზა რომ იყოს ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ ეს არის ცენტრალური გზა, სადაც გავლა დღეში რამდენჯერმე გვიწევს. კარგი იქნება თუ ამ საკითხს მიეხდება და სამუშაოები დროულად დასრულდება. რაღაც რომ კეთდება კარგია მაგრამ ეს სხვისი დაზიანების ან მათთვის პრობლემების შექმნის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს’’,– განუცხადა Knews.ge-ს თამაზ ლაზაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ თელავში გზებზე სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და ამაზე როგორც უწყება, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საავტომობილი გზების დეპარტამენტი მუშაობენ. მისივე განმარტებით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ნიკოლოზ მეტრეველის თქმით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, ეტაპობრივად დასრულდება. სამუშაოების განსახორციელებლად განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი უწყება შესაბამის ზომებს მიმართავს.

,,თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის და სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება. კონკრეტულად ქალაქ თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის 22 პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ხდება გზების მოასფალტება. აქედან 10 პროექტი უახლოეს მომავალში იქნება განხორციელებიული, ხოლო 12 პროექტი უკვე მიმდინარეობს და მალე დასრულდება. ამ დროისთვის გზებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოასფალტება მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანია სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს, იცვლება მიწიქვეშა კომუნიკაციები. შესაბამისად, სადაც გამოიცვლება აღნიშნული გაყვანილობები, შემდეგ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ამ გზის მოასფალტებას. ახლო მომავალში, ყველა მნიშვნელოვანი გზა იქნება მოასფალტებული და მოწესრიგებული’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ მეტრეველმა.

მერის პირველი მოადგილე ასევე გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. მისი თქმით, გზების შეკეთებას თან ახლავს გადაადგილების პრობლემა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სამუშაოების დაგვიანება კომპანიის მიზეზით ხდება. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი კომოანიის მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები.

,,გზების შეკეთებას რომ გადაადგილების პრობლემა მოყვება, ეგ ყველამ ვიცით. რათქმაუნდა ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სამუშაო გარკვეულ დროში ვერ დამთავდა, იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და სამუშაოებს ახორციელებს, შესაბამის სანქციებს გავატარებთ. თუმცა შესაძლებელია, უკვე გაკეთებული და დასრულებული სამუშაოების შემდეგაც დაზიანდეს რამე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს სამუშაოებს და შესაძლებელია დაზიანდეს სადმე მიწისქვეშა კომუნიკაცია. ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევაა. თუ ეს მოხდა, შემდეგ ამის მოსაგვარებლად იწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება, ამის შემდეგ კი ისევ ხდება გზის საფარის მოწყობა.
ამ დროისთვის მიმდინარე პროექტების ნახევარზე მეტი ცენტრალური გზების რეაბილიტაციას თვალისწინებს და ზაფხულის ბოლოს, ყველა სამუშაო იქნება დასრულებული. ყველა პროექტს დასრულების სხვადასხვა ვადა აქვს. ასევე ეტაპობრივად მოგვარდება გადაადგილების პრობლემაც.‘’