საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა.
აღნიშნულ თარიღს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება. უწყების განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში.
„ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების – პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის – სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია; საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი. ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს.“— ნათქვამია უწყების განცხადებაში.