პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა
პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა.
პარლამენტმა სახელმწიფო კონცეფცია მულტიპარტიულ ფორმატში, 78 ხმით დაამტკიცა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთანაა დაკავშირებული და ეხმიანება ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულებას.
კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება და წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.
კონცეფციაში შესული ახალი დებულება აღსრულების ეტაპზე განსაკუთრებით ითვალისწინებს ეკონომიკურად მოწყვლად და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალებს ჯგუფს, მათ შორის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ახალგაზრდა, ხანდაზმულ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, იძულებით გადაადგილებული ქალებისა და სხვათა საჭიროებებს.