საქართველოში 261 ტონა სურსათი ნაგავსაყრელზე გადაიყარა – რას შეცვლის ახალი კანონი
ქვეყანაში სურსათის ნარჩენები შემცირდება, ქველმოქმედებისთვის სურსათის ჩაბარების შემთხვევაში კი, ბიზნესი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს – აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კანონი დაარეგულირებს.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი ინოვაციური იქნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.
კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ასევე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. სავარაუდოდ, საბოლოო სახის მიღებამდე მასში რამდენიმე ცვლილება შევა, თუმცა, როგორც მისი ავტორები აღნიშნავენ, ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ერთის მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, საკვებით უზრუნველყოფილნი იყვნენ.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ხატია წილოსანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი, სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე.
კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2019 წელს, საქართველოში 261 ტონა სურსათი გადაიყარა ნაგავსაყრელზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე ძალიან დიდი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, შემუშავებული კანონპროექტით იგეგმება როგორც ნარჩენების შემცირება, ასევე ბენეფიციარების ნარჩენი სურსათით მომრაგება.
„გვიხარია ის, რომ პროდუქცია რომლის ვარგისიანობაც არის და შესაძლებელია რომ მოსახლეობამ ის გამოიყენოს, არ მოხვდება ნაგავსაყრელზე და ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ან პროდუქტებით. მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით, 261 კილოგრამი 1 სულ მოსახლეზე ნარჩენი წარმოიქმნება სურსათისგან საქართველოში და ამ ნარჩენის წარმომქმნელი არის საოჯახო მეურნეობები და შინა მეურნეობები, თუმცა, საკმაოდ დიდი წილი არის ასევე ქსელური სუპერმარკეტების, მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიერ წარმოქმნილი სურსათის“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ხატია წილოსანმა.
რაც შეეხება ბიზნესსექტორს, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონის ავტორები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ შეხვედრები ბიზნესთან – კერძოდ, გარკვეული კონსულტაციები გაიარეს რესტორატორებთან და HoReCa სექტორთან და მათი მხრიდან არის მზაობა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.
გარდა საქველმოქმედო მიზნებისა, კერძო სექტორს ბიზნესს ინტერესიც ექნება და ისინი საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, შემცირდება მათ მიერ საგადასახადო უწყებისთვის წარსადგენი დეკლარაციისთვის საჭირო თანხა. დღეისათვის, როდესაც ვადაგასული პროდუქციის დახლიდან მოხსნა ხდება, ბიზნესს ეკისრება ვალდებულება რომ განადგურების ოქმების შექმნისთვის, წინასწარი დეკლარირება გააკეთოს. შესაბამისად, ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის ხარჯიც საკმაოდ მაღალია. ბიზნესსექტორში ამბობენ, რომ მათ დღევანდელი მოცემულობით, სურსათის ნარჩენების მართვა ძალიან ძვირი უჯდებათ.
კანონპროექტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ მთლიანად ნებაყოფლობითი იქნება და მასში ჩართვას ბიზნეს სექტორი საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს.
კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნულ კანონის მიღების გარდა, ცვლილებები შევა “ნარჩენების მართვის კოდექსში”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსსა“ და „სურსათის, ასევე ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“.