ახალი ამბები

კახეთის რეგიონიდან სამოქალაქო განათლების ორი საუკეთესო პედაგოგი დააჯილდოვეს

თბილისში, ექსპოჯორჯიაში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  კონფერენცია – გამოფენაზე  წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები გამოავლინეს.

 

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program  – ის ეგიდით,  25 მარტს, რიგით მე-10 სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს რეგიონებიდან ჩასული 200 – მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ესწრებოდა. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ – ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.
კომპეტენტური ჟიურის მიერ ქვეყნის მასშტაბით  გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების  პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები. ფორუმზე  დაჯილდოებულთა შორის  ორი პედაგოგი კახეთის რეგიონიდან დაჯილდოვდა:
მაია ლაპიაშვილი – ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და დოდონა ჭყონია – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის სამოქალქო განათლების პედაგოგი.