საქართველოში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი კახეთში ღირს
2023 წლის თებერვალში, საქართველოში სასტუმროების ფასები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ით მეტია, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსმა 18.3% შეადგინა.
ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი თვის მიმოხილვაში აქვეყნებს. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთსა (20%) და აჭარაში (20%), ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-3.7%).
თებერვალში წინა თვესთან შედარებით, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 1.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 16.7%-ით იკლო. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთში (6.4%), ყველაზე ნაკლები კი – თბილისში (-5.4%).
PMC-ის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 140 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის – 236 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების კი – 116 ლარი. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, წინა თვეში მათი საშუალო ფასი 392 ლარი იყო. რეგიონების მიხედვით ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა, კახეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, თბილისში – 489 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 454 ლარი, ხოლო გურიაში – 339 ლარი.