ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და BTU თელავში პროექტის „500 ქალი ტექში“ მონაწილეებს შეხვდნენ

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, პროექტის „500 ქალი ტექში“ მონაწილეებს, რომლებიც კახეთის რეგიონში ცხოვრობენ, თელავის ტექნოპარკში შეხვდნენ.

ღონისძიებას ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენი დაესწრო.

პროექტის „500 ქალი ტექში“ პირველ ორ ნაკადში კახეთიდან 30 გოგო მონაწილეობდა. მათ საკუთარი არჩევანის შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულება — გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება, UI/UX II, front-end და back-end დეველოპინგი შეისწავლეს. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში, მათ ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინიდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობაც მიიღეს.

„500 ქალი ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წელს წამოიწყო. პროექტი ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სფეროს ყველაზე პოპულარულ პროფესიებში 500 ქალის უფასო გადამზადებას გულისხმობდა. მონაწილეებმა 6-თვიან სასწავლო კურსი გაიარეს, რომლის დასრულების შემდეგ პროექტმა მათ სტაჟირებასა და დასაქმებაც შესთავაზა.

„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.