ახალი ამბები

“ჩაფიქრებული ვჩერდები აკვნებისა და კუბოების წინ, რომლებსაც ერთი და იგივე კაცი ამზადებს”- ბარონ დე ბაი

აკვნებისა და სასახლეების გამყიდველი სიღნაღის ბაზარში. ფრანგი არქეოლოგის, ბარონ დე ბაის ფოტო და ჩანაწერი.

“ჩაფიქრებული ვჩერდები აკვნებისა და კუბოების წინ, რომლებსაც ერთი და იგივე კაცი ამზადებს და ჰყიდის. სწორედ აქ მოდიან სიღნაღის მცხოვრებნი: ზოგი ახლადდაბადებული ბავშვის აკვნის საყიდლად და ზოგი გარდაცვლილის კუბოსთვის. აკვანს არწევს დედა და თავდახრილი უღიმის და ეალერსება თავის შვილს, კუბოსთან კი იხრებიან ჭირისუფალნი მხოლოდ იმისათვის, რომ უკანასკნელი ცრემლი დააფრქვიონ თავიანთ მიცვალებულს.

არაფერია ამაზე უფრო შემზარავი, უფრო ფილოსოფიური, უფრო პოეტური, უფრო ღრმა, ვიდრე ასეთი შეხვედრა, ასე ბუნებრივი და ასე მოულოდნელი, ერთი ხელოსნის მიერ დამზადებული, რომლის გონებისათვის ყოველივე ეს მიუწვდომელია. შრომობს სიცოცხლისა და სიკვდილისათვის, მხიარულობისა და გლოვისათვის, დასაწყისისა და დასასრულისათვის; ამ ვაჭარს აუხოხოლავებია ერთმანეთისადმი უკიდურესად დაპირისპირებული საგნები, საგნები პირველი მოთხოვნილების და საგნები უკანასკნელი მოთხოვნილებისა. ასე ტლანქად შეაჯამა მან თავის დუქანში ორი საწყისი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს გადასასვლელს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში.

მან გონივრულად მოუხმო ამ ორ ჟამს, ასე შორეულს და ასე მახლობელს, ჩვენი გაჩენისას და ჩვენი გაქრობისას. სიღნაღელებო, როდესაც ბაზარში მიდიხართ საჭმლისა და ტანსაცმლის საყიდლად, ამ ადგილას როდესაც ჩაივლით რაზე ფიქრობთ? ჩვილის სახვევებზე, სუდარაზე თუ სიცოცხლეზე?”– ბარონ დე ბაი.
« საქართველოში », 1897 წელი. (ა. ჭეიშვილის თარგმანი)