პანკისელ ქალს, რომელიც მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტშია, ოჯახი ვერ უკავშირდება
პანკისელ ახლაგაზრდა ქალს, ლეილა ქავთაროვას, რომელიც მეოთხე დღეა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში ჰყავთ შეყოვნებული და ქვეყანაში არ უშვებენ ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
ქალის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, დღეს დილით მესაზღვრეებმა ლეილას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
ქალს ამჟამად რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ქუთაისში საფრანგეთიდან ჩაფრინდა.
ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შეყოვნების ამბავი 16 მარტს, დუისის ცენტრში გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი.
აქციის მონაწილეების თქმით, თითქმის ერთი წელია ამ პრობლემამ მასობრივი სახე მიიღო. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ და ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემას უქმნიან. ადგილობრივების განმარტებით, ხეობიდან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნებაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
აქციის მონაწილეები საკითხის მოგვარებას ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დამცველსაც სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.