გაიცანით ახალგაზრდა ლაგოდეხიდან, რომელიც ოჯახის შესანახად სიმღერით ითხოვს დახმარებას
ლაგოდეხში მცხოვრები 36 წლის ახალგაზრდა გიორგი ჯაჯანაშილი, ოჯახის და დედის შესანახად მღერის და დახმარებას ასე ითხოვს.
ოჯახის ახლობლების და მეგობრების თქმით, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან წერა-კითხვა არ იცის, ძალიან უყვარს სიმღერა, სასურველ სიმღერებს ხშირად უსმენს, იზეპირებს და შემდეგ თავად მღერის. გიორგის მეგობარი, ნიკა გოგოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მათ დახმარება ესაჭიროებათ.
,,გიორგის რთული საცხოვრებელი პირობები აქვს, ის დედასთან ერთად ცხოვრობს და ცხილობს ყველაფერში დაეხმაროს. ძალიან კეთილი და თბილია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც არაფერში ყოფნით. ამიტომ გიორგი დედის დასახმარებლად სხვადასხვა მარკეტებთან, თავშეყრის ადგილებში თავის საყვარელ სიმღერებს მღერის და ასე ითხოვს მოწყალებას”,- განუცხადა Knews.ge-ს ოჯახის ახლობელმა და ქველმოქმედმა ნიკა გოგოლაძემ.
ნიკა ამბობს, რომ გიორგიმ წერა-კითხვა არ იცის, თუმცა ეს საყვარელი სიმღერების ტექსტების დაზეპირებაში ხელს არ უშლის. მიის განმარტებით, სიმღერა იდეალურად გამოსდის და ის ლაგოდეხში ყველას უყვარს.
,,სიმღერის ტექსტებს იზეპირებს და შემდეგ ისე მღერის, თან შემოსავლის წყაროა ეს მისთვის და თან დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს სიმღერა. მისი ერთადერთი სურვილია იყოს კარგად და ბედნიერად”,- აცხადებს ნიკა.