ახალი ამბები

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა

2 მარტს გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ჰერიტიჯის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 68.7 ქულით.

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა. საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში კი საქართველოს ქულა 8.5-ით შემცირდა. საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა.

ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა. 9.5 პუნქტით გაუარესდა საკუთრების უფლების დაცვის მიმართულება. 4.3 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. 4-ით შემცირდა მონეტარული თავისუფლების ქულა, რაც მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. სასამართლოს ეფექტიანობის ქულა 0.9-ით შემცირდა, ხოლო კორუფციის 1.5-ით, რაც კორუფციის დონის ზრდას ნიშნავს.

უცვლელი დარჩა საგადასახადო ტვირთის და ინვესტირების თავისუფლების ქულები, ხოლო გაიზარდა შრომის თავისუფლების (0.2-ით) და ფინანსური თავისუფლების (10-ით) ქულები. ფინანსური თავისუფლების ქულის მნიშვნელოვნად ზრდა საბანკო სექტორში დაფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდამ განაპირობა. ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 43 ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საკუთრების უფლება 54.3 ქულით და სასამართლოს ეფექტიანობა 55.5 ქულით.

ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს. შემდეგ მოდის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 86 ქულით და ფინანსური და ინვესტირების თავისუფლება 80.0 ქულით. რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო.