ახალი ამბები

სოფელ მატანში რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნა.

კულტურის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება 1, 600 000 ლარია. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურის სახლი როგორც სოფელ მატნის, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ახალი დანიშნულების ადგილად და მიზიდულობის ცენტრად იქცა. კულტურის სახლში განთავსებულია სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებს სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო წრე. ახლად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.