ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი გახდა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,– განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.