საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი შეიზღუდება
2024 წლიდან საქართველოში ევრო ხუთზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება.
ცვლილება 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, რომელიც შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. საკითხზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ამასთან, როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა იყო სტიმულირებული, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის. ცნობისთვის, რეგულაცია არ ზღუდავს რეექსპორტისთვის განკუთვნილი ისეთი ავტომობილების შემოყვანას, რომლებიც ევრო ხუთის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.