ახალი ამბები

წვეულებების მოწყობის და გაფორმების სერვისი- გაიცანით ახალგაზრდა სტარტაპერი ლაგოდეხიდან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ალექსი დვალმა ადგილობრივებს წვეულებების მოწყობის და გაფორმების სერვისი შესთავაზა.

როგორც ის ამბობს, აღნიშნული საქმით წლებია დაინტერესებულია, თუმცა ახლა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მან გრანტი მოიპოვა, რამაც საშუალება მისცა აღნიშნული საქმიანობა დაეწყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა და იდეების კონკურში, საქმიანობის გასაგრძელებლად გრანტიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია European Union in Georgia მიერ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Save the Children in Georgia, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის დონდთან და ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ერთად.

,,აღნიშნული საქმიანობის დაწყების იდეა მქონდა დიდი ხანია. მინდოდა მოქალაქეებისთვის შემეთავაზებინა სერვისი, რომელიც ლაგოდეხში კორპორატიული წვებულების მოწყობას და მუსიკალურად გაფორმებას მოიცავდა. ასევე მინდოდა შემეთავაზებინა DJ-ს დახმარებით სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის სერვისი. ლაგოდეხში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. მუსიკალური თვალსაზრისით, აქ ეს სერვისი ნაკლებად არის. მაგალითად უცხოეთში, ამ სერვისის მოთხოვნა უფრო მეტია, იქ მეტი კორპორატიული ღონისძიება იმართება და მოთხოვნაც მაღალია. ვცდილობ ასეთი სერვისი შევთავაზო ლაგოდეხს, ვფიქრობ ახალგაზრდებსაც ძალიან მოეწონებათ’’,- განუცხადა knews.ge-ს ალექსი დვალმა.

ახალგაზრდა სტარტაპერი ამბობს, რომ პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში, სხვადასხვა თემაზე ტრენინგები გაიარა, რამაც შესაძლებლობა და ბიძგი მისცა საყვარელი საქმე დაეწყო.

,,მე DJ ვარ, ადრეც ვმართავდი სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგრამ თავშეკავებული ვიყავი, ბევრი რამ არ ვიცოდი და ამ პროექტის დახმარებით, უფრო თამამი გავხდი, ვისწავლე როგორ წარმოვაჩინო უკეთ საკუთარი თავი. დასაწყისისთვის ეს გრანტი დამეხმარა იმაში, რომ ფეხი ამედგა ამ სფეროში და დამეწყო ჩემი საქმიანობა. ამ ყველაფერს ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. ვფიქრობ, მსგავსი სახის პროექტები სწორედ ამაში ეხმარება ახალგაზრდებს’’,- აცხადებს ალექსი.

ახალგაზრდა სამომავლოდ საქმიანობის გააქტიურებას და სამიზნე აუდიტორიისთვის სხვადასხვა სახის სერვისის შეთავაზებას გეგმავს.

,,სამომავლოდ მინდა ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთო და სხვადასხვა სახის სერვისი შევთავაზო მოქალაქეებს. მინდა შევიძინო განათება და სხვა ნივთები, რომ უფრო აქტიურად ვიმუშავო.
გაზაფხულზე ველოდებით მეტად გააქტიურებას.”