თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 70 თეთრამდე მცირდება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელებენ. მორიგი სხდომა 27 თებერვალს, 11 საათზე ჩაინიშნა.
წარმომადგენლობითი ორგანო მორიგ სხდომაზე მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფსა და შეღავათებში ცვლილებების პროექტზე იმსჯელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ნორმატიულ აქტში ცვლილებების პროექტით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მგზავრობის ოპტიმალური ტარიფით ისარგებლებს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. პროექტით მგზავრობის ტარიფი 70 თეთრამდე მცირდება.
ავტობუსებით გადაადგილების ღირებულების შემცირება შეღავათებით მოსარგებლე პირთა კატეგორიაზეც გავრცელდება და ისინი 40 თეთრიანი ტარიფით იმგზავრებენ. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლებს კი უფასო მგზავრობის უფლება ექნებათ.
საკრებულოს წევრები ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით გასული წლის მსგავსად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50-ის ნაცვლად 100%-ით თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.