“თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები” – ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში
ჟურნალისტების ნაწილი საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აპროტესტებს იმ კანონპროექტის (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) დარეგისტრირებას, რომელიც “ხალხის ძალამ” უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის შეიმუშავა.
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება. “არა, რუსულ კანონს”, “ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას”– ისმოდა შეძახილები ბიუროს სხდომათა დარბაზთან.
როგორც ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, მათ არ მისცეს საშუალება შეეტანათ საპროტესტო პლაკატები – შესვლის წინ ისინი მანდატურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ: “ნეტგაზეთის”, “პუბლიკის”, On.ge-ის, “მთის ამბების”, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტები.
წყარო: რადიო თავისუფლება